ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა, ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს.

ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა – ბექა დავითულიანმა, თინათინ ნიბლოშვილმა და ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა, ასევე დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საკრებულოსთვის პატივია ასეთი ძვირფასი და სახელოვანი ქალბატონების მასპინძლობა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ვმასპინძლობთ ქალბატონებს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული გზით, ნიჭითა და ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებული პატივით მინდა მივესალმო „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს, რომლებმაც ეს მაღალი აღიარება 2025 წელს მოიპოვეს.

თქვენი საქმიანობა მხოლოდ პროფესიულ წარმატებას არ გულისხმობს, თქვენ ხართ ადამიანური ღირებულებების ის მაგალითი, რომელზეც უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები. დღეს მოკრძალებით გვინდა მოგილოცოთ დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე და ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი; ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი; დიქტორი და მსახიობი თინა მგალობლიშვილი; ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ ბუკია; მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული აბესაძე; მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მანანა თოდაძე; კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული სარაჯიშვილი; მუსიკოსი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ლეილა მუმლაძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები