თსუ გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ განცხადებაშია აღნიშნული თსუ-ში პრემიებია და დანამატების სახით 6 მლნ ლარის გაცემის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.
“პრემიები გაიცემოდა უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან და ასახული იყო თსუ-ს ბიუჯეტში. რაც შეეხება დანამატს, მისი გაცემა რეგულირდებოდა თსუ აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილებით და ასახული იყო უნივერსიტეტის ბიუჯეტში. აკადემიურ პერსონალზე გაიცემოდა შრომის ანაზღაურება, რომელიც შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისაგან. თანამდებობრივი სარგო ყველა ფაკულტეტზე გათანაბრებული იყო, ხოლო დანამატი მიბმული იყო აკადემიური პერსონალის საათობრივ დატვირთვაზე და დიფერენცირებული იყო ფაკულტეტების მიხედვით. ეს დამოკიდებული იყო ფაკულტეტების შემოსავალზე და თანხის მოცულობაზე, რომელიც იყო ფაკულტეტზე გამოყოფილი. 2014 წლიდან დანამატების სისტემა აკადემიური პერსონალისათვის აღარ არსებობს და ეს დანამატი გადავიდა მათ თანამდებობრივ სარგოში. 2014 წლიდან საგრძნობლად შემცირდა პრემიების თანხაც”, – აცხადებენ უნივერსიტეტში. თსუ-ში აღნიშნავენ, რომ ასევე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია მედიაში უნივერსიტეტისთვის წიგნების შეძენასთან დაკავშირებით და შედარება გაკეთდა სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებასთან. “აქვე აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტში ცალკე მუხლი თვითმმართველობის დაფინანსების თაობაზე არ არსებობს. სახელმძღვანელობის შეძენაზე, სასწავლო ლიტერატურის თარგმნაზე 2013 წელს შესაბამისად 127 ათასი და 229 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2014 წელს 300 ათასი და 429 ათასი ლარი, ამას დაემატა წინა წლის აუთვისებელი 129 ათასი ლარი. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტენდერის მეშვეობით ბიბლიოთეკისთვის შეიძინა ძვირადღირებული, უახლესი ტიპის რობოტ–სკანერი, რომელიც კავკასიის რეგიონში ჯერ–ჯერობით ერთადერთია. უახლესი ტექნიკით სახელმძღვანელოების და უნიკალური წიგნების გაციფრების პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტუდენტების შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფას. ასევე შეძენილია 20-მდე სახელმძღვანელოს თარგმნის უფლება და ინტენსიურად მიმდინარეობს მთარგმნელობითი პროცესი. 2014 წლის ბოლომდე გამოსაცემად მზად იქნება 4 სახელმძღვანელო”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები