დიმიტრი შაშკინი ირაკლი ალასანიაზე: რასაც დასთეს, იმას მოიმკი

 

    დიმიტრი შაშკინმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ფულის გაფლანგვაში სდებდა ბრალს. „ბოროტი ადამიანი არ ვარ და სხვისი უბედურება არ მიხარია, მაგრამ, არ შემიძლია არ ვთქვა: როცა ირაკლი ალასანია უნამუსოდ, ზარ-ზეიმით 100 მილიონის გაფლანგვას, პრემიების გამოწერას, იარაღის დარიგებას და რაფალიანცის მკვლელობას გვაბრალებდა, მაშინ ვამბობდი, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. არავინ თქვას, რომ ირაკლი თეთრი და ფუმფულაა და ამ ყველაფერს სხვები გვაბრალებდნენ“, – წერს დიმიტრი შაშკინი.
სამხედრო პოლიციას, რომელიც ირაკლი ალასანიას დაქვემდებარებაშია, მასზე ათი საქმე აქვს აღძრული. ყოფილი მინისტრი იმასაც აღნიშნავს, რომ ის ხალხი, ვინც მასთან თანამშრომლობდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწოდებდა, ალასანია მათი რუსების ხელში ჩაგდებას აპირებდა. „ბოლო მომენტში თავში ჩაუკაკუნეს, რომ რუსები ამ გმირ ხალხს მოკლავდნენ. გაიხსენეთ 2013 წლის მარტი, უკვე ჟურნალისტებს უყვებოდნენ გრიფით საიდუმლო საქმის დეტალებს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის სიბინძურე დაებრალებინათ. ზუსტად სამხედრო პოლიცია „აკაჩავებდა“ ჩემს თანამშრომლებს, რომ რაიმე ინფორმაცია ეთქვათ ჩემზე“, – წერს შაშკინი.
განცხადების ბოლოს იგი აღნიშნავს, რომ რასაც სხვას გაუკეთებ იგივე დაგხვდება წინ. ის ყველაფერი, რაც ახლა თავდაცვის სამინისტროში ხდება, ამ ქმედებების შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები