ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ.
როგორც “კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აღნიშნული ფაქტის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტის დეკლასიფიკაცია მოითხოვა და მზად არის, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. სტუმრები მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსთვის უელსის სამიტის შედეგები და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის ელემენტები განიხილეს. დოკუმენტის შესახებ 20 ოქტომბერს, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში იმსჯელეს.
ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა და სამხედრო ატაშეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები