დავით ბერძენიშვილი: ცუდად იქცევა დღევანდელი ხელისუფლებაც…

ფსევდო-იმიტირებული”, “სამარცხვინო” – ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” რეპრესირებულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას.
პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა მთავრობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერენ და პარლამენტს მისი “ჩაგდებისკენ” მოუწოდებენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, რეპრესირებულთათვის გასაცემი ფულადი კომპენსაცია ფიქსირებული სახით – 2000 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს და მათ ამ მიზნით სასამართლოში სიარული არ უნდა უხდებოდეთ, რადგან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად თავად სასამართლოს მიერ უკვე არიან აღიარებულნი. “ბოლო რვა წლის განმავლობაში რეპრესირებულთა მდგომარეობა გაუარესებულია, სახელწიფო მათ მიმართ ვალშია. ჩვენი წინადადებაა, იყოს ერთი მოჭრილი თანხა, თუნდაც 2 000 ლარი, რაც თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტიდან სათანადო თანხების გამოძებნა ვერ მოახერხა. წარმოდგენილი პროექტი, ევროსასამართლოს მიერ “კილაძეების საქმეზე” მიღებული გადაწყვეტილების ვითომ შესასრულებლად იმიტაციური ნაბიჯია. ცუდად მოიქცა წინა ხელისუფლება, როცა სასამართლოგავლილ ადამიანებს კომპენსაციად 300-400 ლარი დაუნიშნა და ცუდად იქცევა დღევანდელი ხელისუფლებაც, როდესაც კომპენსაციას 1000-დან 2000 ლარამდე ნიშნავს და საკითხი სასამართლომ ერთი წლის განმავლობაში უნდა განიხილოს. კომპენსაციის გაცემას 2015 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. იმ ფონზე, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისის მერი თავად პერსონალურად არ იღებს სახელფასო დანამატს, მაგრამ 26 მაღალჩინოსანს – დაწყებულ ვიცე-მერებიდან დამთავარებული დეპარტამენტების უფროსებით გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და ამ მიმართულებით თანხები ჩინოვნიკებისთვის ინიშნება, მაგრამ თანხა არ იძებნება რეპრესირებულებისათვის, ამას მე არ შევეგუები. ამას ვამბობ “რესპუბლიკური” ფრაქციის სახელით. “რესპუბლიკელები” ამას არ შევეგუებით. არ მიღირს ფსევდო-იმიტირებული შეთავაზება, რომელიც არის სასირცხვილო. სირცხვილია, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. 2 000 ლარსაც რომ ვაძლევდეთ მაინც დიდი დისკომფორტი გვექნება, მაგრამ რაც ახლა ხდება არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე არ მინდა ამ სირცხვილში ფინანსთა სამინისტროს თანაზიარი ვიყო. მოგიწოდებთ ყველას, ჩააგდეთ ეს კანონპროექტი და პარლამენტმა თავად შემოიტანოს ახალი პროექტი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებებით, რეპრესირებულთათვის გასაცემი ფულადი კომპენსაციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა დგინდება და საკომპენსაციო თანხა 1000 ლარზე ნაკლები და 2000 ლარზე მეტი ვერ იქნება. თანხის კონკრეტულ ოდენობას კი სასამართლო დაადგენს, პირის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რეპრესირებულთა მიმართ განხორციელებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. “რესპუბლიკელთა” ფრაქციამ მთავრობის კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით მისი კორექტირების პირობით დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკითხის მეორე მოსმენისას კი ცნობილი გახდა, რომ მათი მოსაზრება პროექტში ასახული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები