OpenAI-მ ChatGPT-ის ის ანგარიშები დაბლოკა, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ ქსელს უკავშირდებოდა
OpenAI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გააუქმა ChatGPT-ის რამდენიმე ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსულ საინფორმაციო ქსელ Rybar-თან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ქსელი ChatGPT-ს იყენებდა Rybar-ისა და მასთან ფორმალურად დაუკავშირებელი, თუმცა სინამდვილეში კოორდინირებული ანგარიშებისთვის, სოციალური მედიის პოსტებისა და კომენტარების შესაქმნელად.
ანგარიშის მიხედვით, დაბლოკილი მომხმარებლები მოდელთან ძირითადად რუსულ ენაზე ურთიერთობდნენ, თუმცა მომზადებულ კონტენტს სხვადასხვა ენაზე – მათ შორის ინგლისურად და ესპანურად – ავრცელებდნენ. ასევე მითითებულია, რომ ისინი OpenAI-ის ვიდეოგენერირების მოდელ Sora-ს მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ვიდეომასალის შესაქმნელად იყენებდნენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გავრცელებული მასალები დადებითად წარმოაჩენდა რუსეთსა და მის პარტნიორებს, პარალელურად კი აკრიტიკებდა უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს საგარეო ჩარევაში ადანაშაულებდა.
OpenAI არ აკონკრეტებს, ზუსტად რამდენი ანგარიშია დაბლოკილი, თუმცა კომპანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები მოდელების მავნე გამოყენებისთვის მასშტაბურ გამოწვევას წარმოადგენს და კომპანია ამის ჩასახშობად მონიტორინგსა და პრევენციულ ღონისძიებებს გააგრძელებს.