ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში – იაშვილის ქირურგებმა ბავშვს რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მას რთული ქირურგიული ოპერაცია იაშვილის კლინიკის ქირურგებმა ჩაუტარეს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთნენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.
როგორც სამინისტროში ამბობენ, მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება
საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.
“ჯანდაცვის სამინისტრო
განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად. არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია – იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა”,- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის სანიტარმა რამდენიმე დღის წინ საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.