ვაჟა ბერიკაული: „სასტუმროს დატვირთულობის თვალსაზრისით, პირველი კვარტალი შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო შედეგიანი აღმოჩნდა“
სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენლის, ვაჟა ბერიკაულის განცხადებით, 2025 წლის დასაწყისი სასტუმრო სექტორისთვის მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალი, განსაკუთრებით თბილისის მასშტაბით, ტრადიციულად დაბალი აქტივობის პერიოდად მიიჩნევა, მიმდინარე წელს დინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
„როგორც იცით სასტუმროს საქმიანობა იყო კვარტალების მიხედვით, პირველი კვარტალში სასტუმროებში, მითუმეტეს თბილისის მასშტაბით, ყოველთვის მოლოდინი არის დაბალი და განიხილება როგორც დაბალი აქტივობის სეზონი, თუმცა იანვარი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგად დავხურეთ, თებერვალიც საკმაოდ კარგად გვაქვს დაწყებული“ – აღნიშნავს ვაჟა ბერიკაული.
ბერიკაულის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, პირდაპირ აისახება სასტუმროების დატვირთულობაზე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
მისი თქმით, დატვირთულობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. „ვიმედოვნებთ, რომ დატვირთულობის დინამიკა მომავალშიც უკეთ განვითარდება და უფრო მაღალ შედეგებზე გავალთ. წლევანდელი პირველი კვარტალი შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო დამაიმედებელი და შედეგიანი აღმოჩნდა,“ – აცხადებს ბერიკაული.
2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 5,521,866 ვიზიტი, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი – მაჩვენებელი 6%-ითაა გაზრდილი 4,690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.