თბილისსა და რეგიონებში არსებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული და შემოწმებულია ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ბრენდირებული და არაბრენდირებული 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 65 სინჯი. ნიმუშებს ლაბორატორიული შემოწმება შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა.


ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში. დიზელის საწვავის სინჯებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, ბოლო წლებში, საწვავში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მიმდინარე წელსაც შეამოწმებს და, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები