შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს (ფოტო, ვიდეო)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.
სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში, სახელოვნებო ინდუსტრია „არტ პალასის“ და „ბრავო რექორდსის“ მხარდაჭერით, კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერის ჩაწერა „ბრავო რექორდსში“ გაიმართა. სიმღერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი მომღერლები გაერთიანდნენ. როგორც მომღერალი ნინო ქათამაძე აცხადებს, ამ აქციის წამოწყება მოიტანს იმას, რომ კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი „არა ძალადობას“. „მე ვფიქრობ, ამ აქციის წამოწყება მოიტანს იმას, რომ კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი „არა ძალადობას“ და ხელისუფლება ჩაერთვება რათა დაიცვას ის ადამიანები, ვითომც-და სუსტი სქესის წარმომადგენლები და დაიცვას მათი ოჯახები, შვილები. ვფიქრობ, რომ ეს წამოწყება არ უნდა დამთავრდეს მხოლოდ წამოწყებით, მხოლოდ სიმღერით და უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ გაგებით და შეგნებით არ მოვეკიდებით ამ პრობლემას“, – აღნიშნა ნინო ქათამაძემ.
დღესვე სტუდია “ბრავო რექორდსში” რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვიდეო რგოლი გადაიღო, სადაც მომღერლებს საგანგებოდ შექმნილი მაისურები აცვიათ წარწერით: “არა ძალადობას”. „როგორც ხედავთ მიმდინარეობს გადაღების პროცესი აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. სიმღერა რუსა მორჩილაძემ დაწერა და მასში ჩვენმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი, რომელიც დაიდება ოდნავ მაინც დასაფიქრებელი იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ პერსონებმა და საქართველოს მოქალაქეებმა ღვაწლი შევიტანოთ იმაში, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს. ეს კამპანია წამოწყებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და რასაკვირველია თავს ვთვლით ვალდებულად, რომ მხარში ამოვუდგეთ ამ ინიციატივას და ამ აქციას. „არტ პალასისთვის“ ეს არის პირველი მასშტაბური, სოციალური პროექტი და ასეთი სოციალური აფიშირება მე მიხარია როგორ რეჟისორს“, – განაცხადა ზაზა ორაშვილმა. როგორც „ბრავო რექორდსი”-ს დამფუძნებელი ზაზა შენგელია აცხადებს, ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას საქართველოში და კარგია, რომ ისინი ამ სიმღერით საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. „მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა არის უდავოდ მისასალმებელი, რადგანაც ის ძალიან არაორდინარული და არასტანდარტული ფორმით ეხმაურება ყველაზე მტკივნეულ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი სურვილით ასევე უსასყიდლოდ, მუსიკოსები მომღერლები მონაწილეობენ ამ პროექტში. ვფიქრობ რომ ეფექტს და მიზანს მიაღწევს ვინაიდან ეს პრობლემა ყველას აწუხებს“, – განაცხადა ზაზა შენგელიამ. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტი საზოგადოებისთვის კარგი მესიჯი იქნება.
„სიმღერა დავწერე მე, ტექსტი დაწერა ირინა სანიკიძემ. ვწერთ “ბრავო რექორდსში” და ვიდეო კლიპს გადაიღებს „არტ- პალასი“. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოვკიდეთ ხელი ამ პროექტს და იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა. ეს პროექტი კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიდით, პროექტს ქვია „არა ძალადობას“ , მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ მოგვცა საშუალება მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატოთ “, – განაცხადა რუსა მორჩილაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ -ს საელჩოს მხარდამჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UnHcnIeORwA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]