„კომიტეტის სხდომაზე მყოფი არასამთავრობოები პარლამენტში არავის მოუწვევია“

„ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა განათლების კომიტეტში იყო ღია, მას ესწრებოდნენ ადამიანები, რომელთაც კომიტეტის ყველა წევრი არ იცნობდა და არც რომელიმე წევრის მიერ ყოფილან მოწვეულნი“,- ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისა და კომიტეტის წევრის ზაზა პაპუაშვილის დაპირისპირებას, რომლის დროსაც პაპუაშვილმა სხდომის სტუმარს აგინა.
როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გუგული მაღრაძემ განმარტა, მოქალაქისთვის საშვის დაშვება ნებისმიერ პარლამენტარს შეუძლია. მაღრაძემ არ გამორიცხა, რომ კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის საშვი „ნაცინალებს“ დაეშვათ და ამ ფორმით ჰქონოდათ მცდელობა, სხდომაზე თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.
„ ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა განათლების კომიტეტში იყო ღია, მას ესწრებოდნენ ადამიანები, რომელთაც კომიტეტის ყველა წევრი არ იცნობდა, და როდესაც ეს დისკუსია მიდიოდა, ერთ-ერთმა დამსწრემ მოითხოვა მისთვის კითხვების დასმის ნებართვა მიეცათ, რაზეც კომიტეტის წევრმა სთხოვა მას, ჯერ წევრების მსჯელობის დასრულებას დალოდებოდა და შემდეგ გამოეთქვა საკუთარი აზრი. ამან გამოიწვია გარკვეული შელაპარაკება ზაზა პაპუაშვილსა და ერთ-ერთ დამსწრეს შორის. ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ინცინდენტი, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მათ შორის პარლამენტშიც. სხვა საქმეა ის, თუ ვინ რა სიტყვა გამონახა ამ ინციდენტისას. ჩვენ მსგავს სიტუაციაში საკითხის განხილვისას ექსპერტებს ვიწვეთ ხოლმე. ვინ არიან ეს ადამიანები? ექსპერტები არიან? მოქალაქეების წარმომადგენლები არიან? მშობელთა საზოგადოება, თუ ვინ არიან? ესეც კი არ იყო გარკვეული, ვინ იყვნენ ისინი. ისინი კომიტეტს სხდომაზე არ მოუწვევია. საშვის დაშვება ნებისმიერ პარლამენტარს, ნებისმიერ კომიტეტის წევრს შეეძლო და არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შენობაში„ნაციონალების“ შემოშვებულები ყოფილიყვნენ. ‘ნაციონალები“ კომიტეტის სხდომაზე არ დადიან და, ალბათ, სურთ, რომ მათი პოზიცია და მათი აზრი ამ ფორმით იყოს გაჟღერდეს სხდომაზე“,- განაცხადა გუული მაღრაძემ.
განსხვავებულად საუბრობენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ. როგორც დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას არასამთავრობო ორგანიზაცია საგანმანათლებლო კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო შავშიშვილმა და საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეებმა დავით ლაგვილავამ და მარიამ რამინაშვილმა განმარტეს, ისინი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ, როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები, თუმცა განსხვავებული აზრის ქონის გამო მათ პოზიციის გამოხატვის საშუალება არ მისცეს.
გუგული მაღრაძემ განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტიც შეაფასა, მისი განცხადებით, ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებელ რეფორმებს გულისხმობს და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მაღრაძე მასწავლებლებისათვის განსხვავებული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობასაც დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულ მისცემს პედაგოგებს, საკუთარ თავზე იმუშაონ.
„როდესაც ამბობენ, რომ ესა თუ ის წინანდადება არ არის გათვალისწინებული, გეტყვით, რომ ყველა წინადადებას უნდა ძალიან სერიოზული შესწავლა, როდესაც საკანნმდებლო ინიციატივაზე ვსაუბრობთ, მას სჭირდება ექსპერტული გათვლა, ფინანსური, ორგანიზაციული და ასე შემდეგ. ასე სწრაფად არ ხდება ალტერნატიულ წინაადებაზე პასუხის გაცემა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა სკოლაშია ძალიან კარგი, საშუალო და სუსტი მასწავლებელი. ყველა ეს მასწავლებელი დღეს ერთნაირ ხელფასს ღებულობს. იმისათვის, რომ მასწავლებლებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, სამინისტრომ შემოიღო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: დამწყები თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და მენტორი. ეს სტატუსები კარგია, რადგან მე, როგორც მასწავლებელს ეს სტატუსი მიმყვება ყველგან, ნებისმიერ სხვა სკოლაშიც და შესაბამის ანაზღაურებას ვიღებ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები