მეფე ჩარლზ III – ძმის დაკავებაზე: კანონმა წესისამებრ უნდა იმოქმედოს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ მისი უმცროსი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაპატიმრების გამო, რომელიც საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევაში იყო ეჭვმიტანილი.

მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ახლა სრული და სამართლიანი გამოძიება უნდა ჩაატარონ, რომელშიც სამეფო ოჯახი მათ სრულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას გამოუცხადებს.

“შეშფოთებული ვარ ენდრიუ მაუნტბატენ‑უინძორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებს. ახლა დაიწყება სრული, სამართლიანი და შესაფერისი გამოძიება შესაბამისი ორგანოების მიერ. მათ აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მინდა მკაფიოდ ვთქვა: კანონმა წესისამებრ უნდა იმოქმედოს. პროცესის მიმდინარეობისას არ არის სწორი დამატებითი კომენტარის გაკეთება. ჩვენ, როგორც ოჯახი, გავაგრძელებთ ჩვენს მოვალეობასა და სამსახურს საზოგადოებისთვის,”- ნათქვამია ჩარლზ III-ის განცხადებაში.

ბრიტანული მედიის ცნობით, ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, ნორფოლკში, სანდრინგემის საკუთარ მამულში დააკავეს.

იგი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევაში, რომელიც დაკავშირებულია 2001-2011 წლებში მის მუშაობასთან, როდესაც ის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები