საქართველოში ებოლას ვირუსზე დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება

საქართველოში შემოსული პირებიდან დღეისთვის ებოლას ვირუსზე დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება. როგორც ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული 88 პირიდან, ერთი პიროვნების გარდა, უმეტესობა ნიგერიელი სტუდენტი იყო. მათზე ზედამხედველობა დღეისთვის მოხსნილია და ვირუსთან დაკავშირებით დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიგერია დაავადების გავრცელების საშიში ქვეყნების სიიდან ამოიღო, ახალი შემთხვევები კი უკვე აღარ ფიქსირდება.
შეხვედრას ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ. მედიასთან შეხვედრის მიზანი დაავადების შესახებ მოსახლეობისათვის სწორად ინფორმაციის მიწოდება და არსებული ვითარების გაცნობა იყო.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ლიბერიასა და სიერა-ლეონეში ისევ რჩება დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით მძიმე სიტუაცია, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით კვლავ ფიქსირდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ებოლას წინააღმდეგ შექმნილია სამი ექსპერიმენტული წამალი, რომელთაც კლინიკური კვლევები ჩაუტარდათ. ვაქცინის კვლევა ამჟამადაც მიმდინარეობს და შესაძლოა, გაზაფხულზე ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობდეს.
ებოლას ვირუსი მეცნიერებამ მიმდინარე წლის მარტში დააფიქსირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის ებოლათი დაავადებული 10 000-ზე მეტი ადამიანიდან 4 922 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.
დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება აფრიკის სამ ქვეყანაში: გვინეაში, სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები