მაკა ბოჭორიშვილი: რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი Live“-ის ეთერში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებზე ისაუბრა.

„ნამდვილად საინტერესო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი, ერთი ეს გახლდათ შუა დერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მათ შორის ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, ხოლო მეორე, გაფართოების საკითხზე გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატი, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდა. გარდა ამისა, უსაფრთხოების კონფერენციას ბევრი სტუმარი ესწრებოდა და კარგი შესაძლებლობა იყო ჩემს კოლეგა მინისტრებთან სხვადასხვა საკითხზე საუბრისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ევროპის სამომავლო გეგმებს და ხედვებს.

„საყურადღებო იყო, თუ როგორ ისახება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კონტურები, როგორია ევროპის ხედვა საკუთარი მომავლის შესახებ და როგორია ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა ევროპის მომავალზე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გამოსვლებიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის სისწორეს.

„რაც მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს. ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი დაცვაა. სულ უფრო ხშირად ისმის და მიუნხენის კონფერენციის ტრიბუნებიდანაც ბევრჯერ გავიგეთ, სწორედ სუვერენიტეტზე აქცენტების გაკეთება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის გადალაგების პროცესში, სწორედ სუვერენიტეტი და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

„კულისებს მიღმა იყო ბევრი შეხვედრა, ბევრი საუბარი ჩვენთვის პრიორიტეტულ თემებზე. იქ იმყოფებოდა ევროკომისარი მარტა კოსი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას შეეხებოდა. ეს დისკუსია ჩვენთვის საინტერესო იყო როგორც მოსასმენად, ისე გასაანალიზებლად, თუ რა ხდება დღეს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში ბრიუსელში და ევროკავშირის დედაქალაქებში, როგორ ხედავენ გაფართოების პროცესს კანდიდატი ქვეყნები, განსაკუთრებით ბალკანეთის რეგიონიდან და უკრაინა, ასევე რა როლი აქვს ამ პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორ განიხილება უკრაინის მომავალი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. როგორც ჩანს, სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ევროპის დედაქალაქები იმაზე, რომ ისინი არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უახლოეს მომავალში. როგორც ჩანს, ეს საკითხი გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უახლოეს პერიოდში. როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას, არამედ თავად ევროკავშირის მომავალს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები