ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც გაგრძელდება
ჩვენ გვაქვს მიზანი, მაქსიმალურად გავამკაცროთ მიდგომა და უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს დამტკიცებული სტრატეგია ამ კუთხით ნაკლებად ხელშესახებ ზომებს ითვალისწინებს და ახალი სტრატეგია შეიძლება განახლებულ დოკუმენტში აისახოს, რომელიც უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას შექმნის.
„მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 4 ათასი უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია, მთლიანად აღმოვფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უფრო ეფექტიანი სტრატეგია, ვიდრე ის, რაც იყო ასახული 2020 წელს დამტკიცებულ დოკუმენტში. რა თქმა უნდა, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, ბუნებრივია, ყველას აქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამ სპეკულაციებისთვის არ არსებობს არავითარი საფუძველი და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია პოლიტიკური ინტერესებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.