„არა ვართ შეგზავნილები, ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენთ“

 

   „შეურაცხმყოფელია, როდესაც არგუმენტების არარსებობის გამო საკითხი პარლამენტარებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და დებატებისას რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას გვაბრალებენ“, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ლაგვილავას განცხადებით, პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პარლამენტარებსა და მიწვეულ სტუმრებს შორის მომხდარი დაპირისპირება პარლამენტარების მიერვე იყო ინსპირირებული.
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობისას პოლიტიკოსებს არგუმენტები არ ეყოთ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიასტან დააკავშირეს და შეგზავნილები უწოდეს.
„ ჩვენ აქტიურობა პარლამენტარების მხრიდან რატომღაც პოლიტიკურ პარტიასთან გაიგივდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენთ, უბრალოდ ვიცავთ მასწავლებლის ინტერესებს. დაინტერესებული ვართ, ზოგადი განათლების კანონში მოხდეს ცვლილებები ისეთი ფორმით, რომელიც გააჯანსაღებს განათლების სისტემას. სამწუხაროა, რომ როგორც კი არგუმენტები მცირდება, საკითხი გადადის პოლიტიკურ ჭრილში და ოპონენტს მაშინვე პოლიტიკურ იარლიყს აწებებენ. შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ბატონმა თემურ ჭკუასელმა კომიტეტის სხდომაზე მე და ქალბატონ მარიამ რამინაშვილს პოლიტიკური პარტიის წევრობა დაგვაბრალა. ჭკუასელის თქმით, ჩვენ შეგზავნილები ვართ სხდომაზე, რომ მოხდეს დესტრუქცია და ვეცადოთ სხდომების ჩაშლა. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის წევრები არგუმენტირებულად ახდენდნენ ოპონირებას, არგუმენტის არქონის გამო ამ საკითხის პოლიტიზებას და ჩვენს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან იდენტიფიცირებას ახდენენ“,- განაცხადა დავით ლაგვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები