S&P: ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, რასაც, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად, სებ-ის ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

“ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად საუკეთესოა რეგიონში.

ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.

პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად სებ-ის, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს.

ასევე, ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა გაძლიერებას განაგრძობს.

სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება”, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები