„საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება აზიასა და ევროპას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდება“

საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება აზიასა და ევროპას შორის საოცრად მარტივი და იაფია, და მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისთვის და გლობალურ კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
„საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, როლის განსამტკიცებლად ჩვენ დავადგინეთ პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც განვითარებასა და ინვესტიციებს საჭიროებს. ეს არის ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, საქართველო ახორციელებს ინვესტიციებს თავის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას რეგიონის დონეზე, ასევე სავაჭრო ურთიერთობებს აზიასა და ევროპას შორის.
2015 წელს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და უზრუნველყოფს ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის.
პირველ წელს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 5 მილიონი ტონა ტვირთისა გადაზიდვა და მილიონი მგზავრის გადაყვანა. მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდება“, – განცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შიდასარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც აფართოებს.
„აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რომელთა მეშვეობითაც სარკინიგზო გადაზიდვების სისწრაფე მოიმატებს 50%-ით, ხოლო გადაზიდვების მოცულობა გასამმაგდება.
ამჟამად ვახორციელებთ საქართველოს გავლით ახალი გზატკეცილის მშენებლობას. გვაქვს რამდენიმე ახალი აეროპორტი, რომლის მენეჯმენტსაც ახორციელებს კერძო სექტორი.
ყველა ეს ინიციატივა ავსებს და ზურგს უმაგრებს სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირება. ჩვენ ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე, რათა შეძლებისდაგვარად გავამარტივოთ ტრანსპორტირება“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა.
მისი განმარტებით, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც სწორედ მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას ასახავს.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში კონტეინერების გადაზიდვა საქართველოს პორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა – 18%-ით 2014 წლის მხოლოდ პირველ რვა თვეში, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
სწორედ ამ მზარდი მოთხოვნის გამო, ხელისუფლება ახორციელებს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში (შავიზღვისპირეთი), რომელიც ყოველწლიურად მიიღებს 100 მილიონ ტონა ტვირთს. 12 კონსორციუმმა მსოფლიოს ყველა კუთხეში გამოთქვა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი. ამჟამად მიმდინარეობს მათი შეთავაზებების განხილვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბასვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები