პრემიერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე იზრდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რაც შეეხება აღმოსავლეთს, პრემიერის თქმით საქართველო მუდმივად თანამშრომლობს აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ამ ურთიერთობების გაფართოების გზებს ეძებს. “მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ჩვენი მეზობელი, ჩვენთვის ამერიკა ისევე ახლოა, როგორც ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირეა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე იზრდება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ვეძებთ ამ ურთიერთობების გაფართოების გზებს. კორეასთან და იაპონიასთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური ურთიერთობები. ფართოვდება ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან. სულ რამდენიმე კვირის წინ ვიცე-პრემიერი, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც არის, ეწვია ჩინეთს. მე კი რამდენიმე თვეში ვესტუმრები ამ ქვეყანას. სულ უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება ჩინეთში განათლების მისაღებად და სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს საქმიანობას ჩვენთან. ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს. ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთთან განსაკუთრებით მჭიდროა. შუა აღმოსავლეთის ბევრი კომპანია ახორციელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიმყოფებოდი გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, რომლებთანაც აქტიური და რეგულაური გაცვლა-გამოცვლა გვაკავშირებს“-განაცხადა პრემიერმა. მთავარობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, სტატუსს. “ამ ურთიერთობების წყალობით, 2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22.4%-ით და შეადგინა 2.9 მილიარდ დოლარზე მეტი. ზრდა გაგრძელდა 2014 წელშიც, როცა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი გაიზარდა 15%-ით. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდა. ფართომასშტაბიან დონეზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსდა ახალი საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია. მათ შორის არის საქართველოს პარტნიორობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებში, ისე სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის ფონდები, რომლებიც წარმატებით აფინანსებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას. გარდა ამისა, ახალდაარსებული კერძო საინვესტიციო ფონდის – საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკაში საქმიანობის წარმართვის მსურველი ინვესტორებისათვის შესაძლებლობების შექმნა“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები