ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა

2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით გაზრდის.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას.
2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება გვთავაზობს გზამკვლევს, სტიმულირებისა და დაცვის მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენებისათვის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებულები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა იძლევა ევროპის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობას. ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას უკვე აქვს თავისუფალი გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები