ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა

დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა იმასთან შედარებით, რაც ოცი ან თუნდაც ორი წლის წინ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი – ეკონომიკის განვითარების კუთხით.
“ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, მივმართო წარმატებული ბიზნესლიდერების საპატივსაცემო აუდიტორიას. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა აზიის განვითარების ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებაში დახმარებისათვის. ჩემთვის საპატიოა გლობალური ბიზნესის, ფინანსებისა და პოლიტიკის სფეროების ლიდერთა წინაშე გამოსვლა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა არაერთი რეფორმა და პროექტი. ეს ბანკი ჩვენი ქვეყნის ერთგული პარტნიორია, რომელიც ხედავს საქართველოს რეალურ პოტენციალს და გვეხმარება მის გამოყენებაში. ჩვენი ხელისუფლება იმედით შეჰყურებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებას ბევრ სხვა ინიციატივასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, თქვენ დიდ სარგებელს მიიღებთ თქვენი წამოწყებიდან. ბევრი თქვენგანი გამოცდილი საერთაშორისო ბიზნესლიდერი და გლობალური ეკონომიკური ძვრების მოწმეა. ზოგიერთმა თქვენგანმა კარგად იცის, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რაც ოცი წლის წინ იყო. ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში – დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული პოლიტიკური სტაბილურობითა და ეროვნული უსაფრთხოებით, განსაკუთრებით კი – ეკონომიკის განვითარებით, რასაც ეძღვნება დღევანდელი ფორუმი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველო კონცენტრირებულია თავისი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლის განმტკიცებაზე.
“ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც ჩვენს უშუალო, ისე ახლო მეზობლებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. როგორც იცით, საქართველოს აქვს სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ჩვენ ვართ საკვანძო პლატფორმა აბრეშუმის გზისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის აღსადგენად. პოლიტიკური კუთხით, ჩვენ განვამტკიცეთ ურთიერთობა ჩვენს უშუალო მეზობლებთან: სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ კავშირებს ახლო საზღვარგარეთთან. მართალია, რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ ვდგავართ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, გარკვეული გამოწვევების წინაშე, ჩვენ მაინც მივაღწიეთ ერთგვარ წარმატებას დაძაბულობის დეესკალაციის, ვაჭრობის განახლებისა და სხვა კუთხით. რაც შეეხება დასავლეთს, საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვდება ჩვენს მიზანს, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები