ირაკლი სესიაშვილი: უნდა ველოდოთ ვითარების გარკვეულ გართულებას ცხინვალთან მიმართებაშიც

უნდა ველოდოთ ვითარების გარკვეულ გართულებას ცხინვალთან მიმართებაშიც, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ეცდება მაქსიმალურად მზად შეხვდეს ყველა გამოწვევას.
“ხელისუფლება პირველივე დღიდან მუშაობს, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება ჩვენს პოზიციებთან, რათა წინ აღვუდგეთ იმ მზაკვრულ გეგმას, რაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მთავარია ის, რომ, ჩვენი დები და ძმები ძალიან კარგად ხედავენ ერთ რამეს – მათი ე.წ. დამოუკიდებლობა არის ფარსი და რეალურად რუსეთს სურს აფხაზეთი გადააქციოს გარკვეულ პროვინციად. ჩვენ რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს დებს და ძმებს, მაქსიმალურად შევთავაზებთ ყველა იმ სიკეთეს, რითაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს. ვფიქრობ, იმ გეგმას, რითაც რუსეთმა დაიწყო მოქმედებები ყირიმში, აგრძელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოლდოვაში. ამას შემდგომი ეტაპები ექნება, ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც ადგილი აქვს აფხაზეთთან მიმართებაში. თუმცა, უნდა ველოდოთ ვითარების გარკვეულ გართულებას ცხინვალთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები