„საქართველო აფხაზობას სთავაზობს ერთიან ქვეყანაში თავისი იდენტობის შენარჩუნებას“
დღეს ქართული საზოგადოება ჩვენს აფხაზობას სთავაზობს ერთიან ქვეყანაში, თავისი იდენტობის შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აფხაზების და ოსების ინტერსები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტით დაცული ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს არის დაცული სხვა ევპროპულ ქვეყნებში.
„დღეს შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერინეტეტის წინაშე დამდგარი პრობლემა კიდევ ერთხელ იქნეს ადეკვატურად აღქმული, როგორც საზოგადოების მიერ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ის სირთულე, რომელიც დაიგეგმა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს, იმ სირთულეს, იმ პრობლემას, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამ ნაბიჯით არ არის კმაყოფილი ფაქტიურად არავინ, ამ ნაბიჯით ბუნებრივია არ არის კმაყოფილი ქართული საზოგადოება, იმიტომ, რომ ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში მცდელობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვის.
ამ ნაბიჯით არ არის კმაყოფილი აფხაზური საზოგადოებაც, აფხაზობაც, იმიტომ, რომ რეალურად აფხაზობის წინაშე, დადგა ჭეშმარიტების მომენტი, იმიტომ რომ კონტექსტი, რომელშიც ისინი ცდილობდნენ თავისი იდენტობა წარმოედგინათ, ეს კონტექსტი აღმოჩნდა მათთვის აბსოლუტურად პრობლემური და დამღუპველი.
დღეს ქართული საზოგადოება ჩვენს აფხაზობას სთავაზობს ერთიან ქვეყანაში თავისი იდენტობის შენარჩუნებას, თავისი სახელმწიფო ინტერესების ინტეგრირებას ჩვენს ერთიან ეროვნულ სივრცეში და ამით ერთიან, თანამედროვე ევროპული ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვარსებოთ ერთ ქვეყანაში, ერთად ვაშენოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო, სადაც აფხაზობის ინდეტობის პრობლემა იქნება ისევე დაცული, როგორც ასეთი ერების და ჯგუფების იდენტობა არის დაცული ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.