დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ძირითადი აქცენტი საქართველოში კიბოს სკრინინგის მოცვის გაუმჯობესებაზე გაკეთდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სკრინინგის პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასა და პრევენციული სერვისების გაძლიერებაზე, რაც, მისივე განმარტებით, კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ეფექტიან მართვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს მიზნობრივ პოპულაციებში და ეს სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ასევე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზეც, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების მიზნით სახელმწიფომ გაზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა და ტარიფები, რასაც სახელმწიფო, კლინიკებს ონკოპაციენტთა მომსახურებისთვის უნაზღაურებს. სერვისები პაციენტებზე მეტად მორგებული გახდა: გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტები იმავე სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემა, სადაც პროცედურა ტარდება, რის შედეგადაც პაციენტებს აღარ უწევთ აფთიაქში მისვლა. ონკოლოგიურ პრეპარატებზე მოიხსნა 25 000-ლარიანი ლიმიტი. ასევე ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი, რაც მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ოპერაციულ ჩარევას, ასევე, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროტონოთერაპიას.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.