„დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“
დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, განხილვის თემა იყო ის ვითარება, რომელიც რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშერულების დადებას ეხება.
„ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემაზე სასაუბროდ, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში და ოსეთში ცხოვრობენ. ბუნებრივია, განხილვის თემა იყო თუ როგორ ვუპასუხოთ იმ ურთულეს ვითარებას, რომელიც ეხება რუსეთის მიერ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების დადებას. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე ქმედებები, გავაანალიზეთ ვითარება, ასევე, მომავალში რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ის ნაბიჯები, რასაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.