რატომ გადაიწია ე.წ. ფარული მოსმენების საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადებმა ? (ვიდეო)

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, ის მზადაა საქართველოში ჩამოსვლისთანავე სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდეს და მათი მოსაზრებები მოისმინოს.
„ბელგიაში წამოსვლის წინ შეხვედრა გავმართე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვის ზოგიერთ ავტორთან, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. შემდგომ, ჩემი თხოვნით, მათ შორისაც შედგა შეხვედრა და საუბარი. როგორც ჩანს, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მზად ვარ, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, შევხვდე სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილებისა და პრინციპულობის გამო მოვიწვიეთ. შესაბამისად, მათი მოსაზრებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ, ამასთან, ყველას ვთხოვ, არ ავჩქარდეთ და არ გავუსწროთ მოვლენებს წინ, რათა მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც მიზნად დავისახეთ. მოსმენებთან დაკავშირებით უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. ეს მოხერხდა სწორედ არასამთავრობოების, პარლამენტისა და სამართალდამცავების მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობით. გასაგებია, რომ გვინდა პროცესის უფრო სწრაფად წარმართვა, ვიდრე ხდება. არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ ყველას ვთხოვ, საქმის ბოლომდე მისაყვანად სათანადო მოთმინებით აღვიჭურვოთ. და კიდევ ერთი – ყველას ვთხოვ, გაითვალისწინოს ის, რომ კონკრეტულად შალვა შავგულიძეს არავისზე ნაკლებად არ აღელვებს ეს საქმე და არავისზე ნაკლები წვლილი არ აქვს შეტანილი საქმის წარმატებაში, იმ შედეგის მიღწევაში, რაც დღეს გვაქვს და თუ მას რაიმე ინიციატივა და წინადადება აქვს, ეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან მომდინარეობს, რათა პროცესი შუა გზაზე არ შეწყდეს და შემდეგ არ მოხდეს იმის დეკლარირება, რომ რაღაც ისე ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_lPLf8WPkZc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები