გივი მიქანაძემ ისრაელში ქნესეთის სპიკერ ამირ ოჰანასთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის სპიკერ ამირ ოჰანას შეხვდა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სამომავლო გეგმები განიხილა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრეს და როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში. განსაკუთრებით აღინიშნა ერთობლივი აკადემიური გაცვლითი პროგრამების, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.

გივი მიქანაძემ ისრაელის მხარეს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. როგორც მან აღნიშნა, ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით საქართველოში, ახალგაზრდების ჩართულობით, არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კავშირების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.

ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები დადებითად შეაფასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრას ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დევიდ ბიტანი, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და ქნესეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები