ეროვნული არქივი 2025 წელს ახალი მასალით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს 2025 წელს შეემატა 56 594 საარქივო საქმე, 116 კინოფირი, 2 954 ფოტოსურათი, 150 აუდიოჩანაწერი, პერიოდული გამოცემების 746 ნომერი, 15 წიგნი, 3 რუკა და სხვა დოკუმენტები.

წერილობით დოკუმენტებს შორის არის როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. ძველი საბუთების კოლექცია შეივსო მე-19 საუკუნის 18 ერთეული ნასყიდობის წიგნით. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის რუკების ფონდს შეემატა ალექსანდრ გროსის ატლასი (ლონდონი, 1920 წელი), ჰაინრიხ ბერგჰაუსისა და კარლ ფლემინგის „კავკასიის რუკა“ (გლოგაუ, 1859 წელი), ტომასო სანტონის „სოხუმის სანაპიროს რუკა“ (პიზა, 1861 წელი).

კინოარქივი გამდიდრდა შემდეგი მხატვრული, დოკუმენტური ფილმებითა და კინოჩანაწერებით: ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“; ანდრო ჭიაურელის „წარმართობა“, „ანარეკლი“, „სიკეთის ტელეფონი“, „1992“; მერაბ ჯაფარიძის „უმაღლესი ჯილდო“, „ჩვენ ქურთები ვართ“; ლევან კიტიას „ტრასა“, „გზაჯვარედინი“. ასევე, სცენები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან: „ჯორდანო ბრუნო“, „სასამართლო ქრონიკა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „კოლხეთის ცისკარი“, „შუაღამემ გადაიარა“, კინომსახიობთა თეატრის დადგმა „წუთისოფელი ასეა“ და სხვა.

ამიერიდან არქივის ფონოკოლექციაში იქნება დაცული საოპერო მომღერლების: დავით გამრეკელის, მერი ნაკაშიძის, მედეა ამირანაშვილის მიერ შესრულებული არიები; ოპერა „ქეთო და კოტეს“ 1950 წლის ჩანაწერი; ოპერები „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; ფონდ „ქართული გალობის“ მიერ გამოცემული ფოლკლორული სიმღერები.

არქივისათვის გადაცემულ ფოტოებს შორისაა ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი კადრები; მსახიობ კახი კავსაძის საოჯახო არქივში დაცული სურათები; ბათუმის საოპერო თეატრის სპექტაკლების, ბათუმის საერთაშორისო საოპერო მუსიკალური ფესტივალის ვიზუალური მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები