საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ განახლდა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს კამპანიას შეუერთდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
„კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში,მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს VI-IX კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარე წელს ანტინარკოტიკული კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს. კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.