გიორგი ახვლედიანი: 50 ლარს იხდიან თითო ადამიანში, ვინც 15 ნოემბერს თბილისში გამოემგზავრება

15 ნოემბერს დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე რაიონიდან თბილისში ჩამოსულ თითოეულ ადამიანს 15 ლარს გადაუხდიან. ამის შესახებ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აქციას აფხაზეთის თემასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ის პარტიის ძირითადი მიზნებისა და აქციის რეალური შინაარსის შენიღბვას ემსახურება.
“ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფასადია, იმ ძირითადი მიზნების და შინაარსის შენიღბვის გარკვეული მცდელობაა, რომელსაც დაგეგმილი აქცია ემსახურება. დაანონსებული აქციით “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ჩვენ არ დავიხოცეთ, გადავრჩით, ცოცხლები ვართ, გამოვედით რეანიმაციიდან და მზად ვართ, თუნდაც კვლავ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს 15 ნოემბრის აქციის, თუ ამის შემდეგ გაგრძელებული პერმანენტული აქციების მთავარი გზავნილია. დაწყებულია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ფართომასშტაბიანი მობილიზება. 50 ლარს იხდიან თითო ადამიანში, ვინც დათანხმდება და 15 ნოემბერს თბილისში გამოემგზავრება. მათ უზრუნველყოფენ ტრანსპორტით, საკვებით და პლუს 50 ლარით. ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდიან ყველა რაიონში ჩვენი პარტიის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებსაც ასევე შესთავაზეს ამ პროცესში ჩართულობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალიან სერიოზული სპეკულაციური აქციაა, იმიტომ რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით მათ ბადალი არ ჰყავთ საქართველოში. მათ ხელთ აქვთ ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსი და შეუძლიათ, ძალიან არასასიამოვნო პროცესების ორგანიზება მოახდინონ, რაც პირდაპირპროპორციულად შეიძლება დაუკავშირდეს სამოქალაქო დაპირისპირებას“, – განაცხადა ახვლედიანმა “პირველ პრესკლუბში”.
მისივე თქმით, ძალიან მაღალია 15 ნოემბრის აქციაზე ესკალაციის ალბათობა, რადგან დაგეგმილია კონტრაქციაც.
„საზოგადოება, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ სამარეში გასტუმრების თვალსაზრისით, ხელისუფლების სრულ უუნარობას ხედავს. კონტრაქცია კარგად ვიცით ჩვენი უახლესი წარსულიდან გამომდინარე, რომ მშვიდობიან ფორმატში ნაკლებად სრულდება ხოლმე“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები