სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. და აზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული 75 შეკვრა „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
„ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.