“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნა ძირითადი სასურსათო პროდუქტები, შემდგომ მოხდა აღნიშნული სასურსათო პროდუქტების ფასების შედარება საქართველოს და ევროპის ქსელურ მარკეტებს შორის, გაანალიზდა კონკრეტული პროდუქტების საიმპორტო ფასი და აღნიშნული შედარდეს ქვეყანაში სარეალიზაციო ფასთან მიმართებით, ასევე განხორციელდა კონკრეტული სადისტრიბუციო და ქსელური სუპერმარკეტების ფინანსური ანგარიშგების ანალიზი”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იკვეთება, რომ გარკვეული პროდუქტების კატეგორია, რომელიც საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და სამჯერაც უფრო ძვირია კონკრეტულ ევროპულ სუპერმარკეტებში არსებულ პროდუქციასთან მიმართებით.
„აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ფასის საცალო ფასთან მიმართებით შედარებისას ჩვენ ვხედავთ, რომ საცალო ფასი ხშირ შემთხვევაში ორჯერ და მეტადაც აღემატება კონკრეტული პროდუქციის საიმპორტო ფასს და ასევე ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ აღნიშნულ სექტორში საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%. საშუალოდ დისტრიბუტორები ფასნამატს იმპორტირებულ პროდუქციას ამატებენ დაახლოებით 44%-ს, ხოლო უკვე გაზრდილ ფასზე საცალო ქსელური მარკეტები საშუალოდ ამატებენ დაახლოებით 29%-ს, რაც მთლიანობაში ჯამურად ქმნის 86%-იან ფასნამატს.
ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქსელური სუპერმარკეტების განვითარება საკმაოდ მზარდია და საქართველოში გაცილებით უფრო მეტი სუპერმარკეტია. 100 000 ადამიანზე გაანგარიშებით დაახლოებით 113 სუპერმარკეტი მოდის, როცა ევროპის საშუალო მაჩვენებელი აღნიშნული მიმართულებით დაახლოებით 60-ს შეადგენს.
ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ფაქტობრივად ყველა გამოწვევა, რომელიც აღნიშნულ სექტორში ფიქსირდება, დადასტურდა კომისიის შეხვედრების თითოეულ ეტაპზე, არსებობს რიგი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ფასების არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი შემცირება.
დღევანდელი შეხვედრა ქართული პროდუქციის მწარმოებლებთან იყო საკმაოდ კონსტრუქციული, გამოითქვა მზაობა ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან ფასების შემცირების მიმართულებით და მათი საფასო პოლიტიკის გადახედვასთან მიმართებით, მათი მხრიდან დასმული იყო ის საკითხები, რაც აწუხებთ ქართველ მწარმოებლებს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.