ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტი ყაველაშვილი, განსხვავებით ზურაბიშვილისა და მარგველაშვილისგან, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება
“პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი, განსხვავებით ქალბატონი ზურაბიშვილისა და ბატონი მარგველაშვილისგან, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება. კერძოდ, ადამიანი, რომელიც ნაკლებსავარაუდოა, რომ განთავისუფლების შედეგად კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ადამიანი, რომელიც კარგად იაზრებს მის დანაშაულს და ადამიანი, რომელიც ინანიებს თავის დანაშაულს – ასეთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს ადამიანი და ჩაჯდეს შეწყალებულთა სიაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
მან ასევე ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების შეწყალების თაობაზე რადიკალების მიერ შექმნილ ყალბ მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მშობელი გამოიყენო ხელისუფლების წინააღმდეგ.
„დამნაშავეა ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც დაკავებულია, თუმცა, მშობელი მშობელია, რა თქმა უნდა, და არ უნდა შეუქმნა მშობელს ყალბი ილუზია და შემდეგ გამოიყენო რაღაცა ინსტრუმენტად, რომ ხელი გამოიშვირო ხელისუფლებისკენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.