“ადამიანები, რომლებიც გუშინ ებრძოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა გაერთიანდა; ამას ჰქვია კოლექტიური “ნაცმოძრაობა” – ვოლსკი
“ადამიანები, რომლებიც გუშინ ებრძოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა გაერთიანდა. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ადამიანები, რომლებიც წინა დღეს უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ერთმანეთს, მევახშეს ეძახდა მაგალითად ალეკო ელისაშვილი თუ სალომე სამადაშვილი ხაზარაძეს და აღმოჩნდა მის გუნდში. გუბაზ სანიკიძე, რომელიც ამბობდა, რომ ყველამ რომ აპატიოს სააკაშვილს მე არ ვაპატიებო, ბერძენიშვილები, ადამიანები, რომლებიც გუშინ ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობას ეს ყველა გაერთიანდა. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. კარნახით გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანებისთვისაც კი ამხელ ნაბიჯით გადაბიჯება საკუთარ ნათქვამზე და პრინციპზე რეალობის შეუსაბამოა, რომ არა ინსტრუქცია, რომ არა ის სცენარი, რომელიც გარეთ დაიწერა. მთლიანად ამათი სახელი არის ლეგიონი, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.