ირაკლი ბათიაშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვერაფერი გადაწყდება

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას გამოეხმაურა. როგორც ბათიაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, უშიროების საბჭო რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გამო ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი განცხადებით, რაიმე მონახაზიც კი იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საქართველომ უნდა გაატაროს, ხელისუფლებას არ გააჩნია.
„ეს იყო ტრაგიკომიკული სიტუაცია, რაც უშიშროების საბჭოს ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით ხდებოდა. სხდომა ეძღვნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ რუსეთ – აფხაზეთის ე.წ. შეთანხმების საკითხს. მოლოდინი და იმედი იმისა, რომ ამ სხდომაზე რაღაცა კარდინალური გადაწყდება, ნამდვილად არა მაქვს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე მონახაზიც კი იმ სტრატეგიისა და ქმედითი ნაბიჯებისა, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით უნდა გაატაროს“ – აღნიშნა ბათიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე განცხადებით, აფხაზეთ-რუსეთს შორის „ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ“ დოკუმენტზე ექსპერტები მხოლოდ ზერელედ და ზოგადად საუბრობენ, ძირითად საფრთხეებზე კი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ. „მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი უნდა დავინახოთ. ორი ქვეყნის სამხედრო კავშირი გულისხმობს, რომ რომელიმე მათგანის მიმართ განხორციელებული აგრესია აღქმული იქნება ქვეყნის მიმართ განხორციელებულ აგრესიად. რეალურად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი იხსნება ფსოუზე, ის გადმოდის ენგურზე და ერთიანი საპოლიციო საკოორდინაციო ცენტრი იქმნება“,- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის განმარტებით, ეს დოკუმენტი სერიოზული გამოწვევა და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის დასაწყისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები