ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის Სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი Პროგრამით დანიაში გაემგზავრნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის ხუთი სტუდენტი, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით დანიაში გაემგზავრა. შერჩეული სტუდენტები 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სწავლას განაგრძობენ KIU-ს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაში (International Business Academy – IBA).

ხუთთვიანი აკადემიური მობილობის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ და გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასწავლო კურსები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია მენეჯმენტის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან. პროგრამა ორიენტირებულია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე.

დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიაში ახალგაზრდები იმუშავებენ საერთაშორისო სტუდენტურ გარემოში, მიიღებენ მრავალკულტურულ აკადემიურ გამოცდილებას, გაეცნობიან სხვადასხვა საგანმანათლებლო მიდგომას.

გაზაფხულის სემესტრის Erasmus+ პროგრამაში შერჩეული მენეჯმენტის სკოლის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები არიან: მარიამ ბენიძე, ქეთევან მაჩიტიძე, ნიკოლოზ კიწმარიშვილი, მეგი ბადაშვილი და თამარ მუსერიძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა საერთაშორისო აკადემიურ მობილობასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების აკადემიურ განვითარებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას.

KIU-სა და დანიის საერთაშორისო ბიზნეს აკადემიის თანამშრომლობა წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მომავალში ითვალისწინებს როგორც სტუდენტური, ისე აკადემიური გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას.

დანიის International Business Academy (IBA) სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე და პრაქტიკულ მიდგომებს ისეთი მნიშვნელოვანი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა: ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგიები და მენეჯმენტი. IBA გამოირჩევა საერთაშორისო გარემოთი, მაღალაკადემიური სტანდარტებითა და პროფესიული გამოცდილებით.

KIU ულოცავს შერჩეულ სტუდენტებს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობას და წარმატებას უსურვებს მათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები