ეკა სეფაშვილი: კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული – ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ ფასებს და მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს დაიცავს.
„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა“, – განაცხადა დეპუტატმა და განმარტა რა რისკებს ქმნის ბაზარზე ძალაუფლების კონცენტრაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი კარტელური გარიგებების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.
„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა და ასეთი პირობების უზრუნველყოფისთვის საჭიროა სწორედ ისეთი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც შედეგად მოიტანს ფასების დარეგულირებას საბაზრო პრინციპების შესაბამისად, სადაც ასევე დაცული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები – როგორც მწარმოებლების, ასევე მიმწოდებლების თუ ცალკეული იმპორტიორების.
ესეც მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ყველა მონაწილეს თანაბარი კონკურენციისა და მოპყრობის იმედი ჰქონდეს, რომ ფასები განისაზღვროს საბაზრო პრინციპების შესაბამისად და არა იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი მონაწილე ფლობს ძალაუფლებას და აქვს საშუალება, რომ ფასები გაზარდონ.
საქმე ეხება კარტელურ გარიგებებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული. ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალი არ გააჩნია, რადგან სხვა ეკონომიკური აქტორი არ არსებობს და უწევს ასეთ კაბალურ პირობებზე დათანხმება.
ამ კომისიის მიზანი სწორედ ეს არის – რომ ასეთი ტიპის სისტემური დარღვევები, რომლებიც არ შეესაბამება საბაზრო პრინციპებს, გამოვავლინოთ და, ჩემი აზრით, პარლამენტის სპეციალური კომისიის ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევებს დაუპირისპიროს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.