„აფხაზეთთან ხელშეკრულება რუსეთის ფსევდო – იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილია“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რუსეთ- აფხაზეთის ხელშეკრულება შეაფასა. როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილია და საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტის მხრიდან დაიგმობა.
„ ნებისმიერი საერთაშორისო სამართლის ნორმის და პრინციპების გათვალისწინებით, ეს რეალურად არ არის ხელშეკრულება ორ სახელმწიფოს შორის. აფხაზეთის ე.წ. დე ფაქტო ხელისუფლება არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. რა შინაარსისაც და რა მუხლების შემცველიც არ უნდა იყოს, ის ვერ იქნება მავალდებულებელი დოკუმენტი ვერავისთვის და, მით უმეტეს, საქართველოსთვის, ვის ნაწილსაც წარმოადგენს აფხაზეთი. დღეს რუსეთის ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა. ეს მოქმედება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, საკუთარი ფსევდო – იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილია. ყველამ ნათლად დაინახა, რომ დღეს რუსეთი არავის იდენტობის, ვინმეს თავისუფლების უზრუნველსაყოფად არ იბრძვის, ის საკუთარი ანექსიური გეგმებისათვის იბრძვის. ეს დოკუმენტი თავიდანვე განწირულია, რომ დაგმოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთ – რუსეთის ხელშეკრულების საკითხს ამჟამად აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს.