„საქართველოს ყველა სიკეთე აფხაზებზეც უნდა გავრცელდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას პრემიერ – მინისტრის მიერ აფხაზი მოსახლეობისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას გულისხმობს.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დღეს საქართველოში ხორციელდება და ის კარგი მომავალი, რომელიც საქართველოს ელის ევროპის შემადგენლობაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და საქართველოს ყველა მოსახლეზე გავრცელდეს.
„ძალიან ბევრი პოზიტივია ამ ორი წლის განმვლობაში. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს საქართველოში, რომელთაც გარკვეული შედეგები უკვე მოჰყვა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ საქართველო დღეს უკვე არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი. საქართველო უკვე თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილია. აფხაზეთის მიმართ ჩვენი წინადადებაა, რომ ყველა ის სიკეთე და შესაძლებლობა, რომელიც თან ახლავს ამ რეფორმებს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყველა მოსახლეზე გავრცელდეს. ამ ეტაპზე უფრო დეტალურად ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან გააჩნია, როგორ იქნება ეს წინადადება მიღებული. უმთავრესი გზავნილი, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, იყო ის, რომ ის სიკეთეები და ის კარგი მომავალი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპის შემადგენლობაში, როგორც აფხაზებმა, ისე ოსებმაც გაიზიარონ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განცხადებით, პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული შეთავაზება ამჯერად მხოლოდ აფხაზ მოსახლეობას ეხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გუშინ ახალი ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შედეგები შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აფხაზ მოსახლეობას მიმართა და მათ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები