ზვიად შალამბერიძე: არასდროს ხელისუფლების მხრიდან რადიკალური განცხადებები ევროკავშირის მიმართ არ განხორციელებულა
„არასდროს ხელისუფლების მხრიდან რადიკალური განცხადებები ევროკავშირის მიმართ არ განხორციელებულა,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მითითებები და დირექტივები ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან კიდევ იქნება მომავალში.
„შესაბამისად, როდესაც ჩვენი მხრიდან რაღაც გარკვეული განცხადებები კეთდება, განცხადება კეთდება ყოველთვის ურთიერთობის დაბალანსებაზე, დათბობაზე და ა.შ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან და არა მარტო ევროკავშირთან, პარტნიორ ქვეყნებთან დათბეს ურთიერთობები და ყოველთვის მზად ვართ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. თუმცა, სამწუხაროდ ამ განცხადებების პასუხად ვიღებთ ისეთ შეფარულ და დამალულ ქმედებებს, როგორსაც დღევანდელ დღეს ჰქონდა ადგილი. ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ასევე გარკვეული პერიოდის წინ. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები, მითითებები, დირექტივები ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან, კიდევ იქნება მომავალში. ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენი ურთიერთობა წავა უფრო პოზიტიური ცვლილებებისკენ, რა თქმა უნდა, დათბობისკენ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.