თეა წულუკიანი იტალიის ელჩს მადლობას უხდის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პერფორმანსის ქართულ სცენაზე გადმოტანისთვის იტალიის ელჩს, ფედერიკა ფავის, მადლობას უხდის.
„ჩვენ ყველანი მომსწრენი ვართ საზარელი ტრაგედიების, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ქართველი ქალბატონის თავს დატრიალდა. ამ ვითარებაში ფედერიკა ფავის ინიციატივა – მარჯანიშვილის სცენაზე გადმოიტანოს ცნობილი პერფორმანსი და ამით საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყროს ამ უმძიმეს პრობლემას – დასაფასებელია. მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს ამ ინიციატივისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ პერფორმანსში მონაწილეობს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების მონოლოგებზეა აგებული.
ცნობილი იტალიელი მწერლის – სერენა დანდინის წიგნი „სასიკვდილოდ დაჭრილი“ ქართულად იტალიის საელჩოს ინიციატივით ითარგმნა. წიგნში მოცემულია იმ ქალების მონოლოგები, რომლებიც თავიანთი მეუღლეების, პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მსხვერპლნი გახდნენ.
აღნიშნული მონოლოგები მსოფლიოს დიდი ქალაქების სცენებზე, მათ შორის, ლონდონში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრიუსელში, პარიზში, სტრასბურგსა და ჟენევაში, ცნობილმა ქალბატონებმა წაიკითხეს.
პერფორმანსში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, მეცნიერებმა და სხვ. თბილისის შემდეგ სერენა დანდინის მონოლოგებს ლისაბონსა და მეხიკოში წაიკითხავენ.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე აღნიშნული პერფორმანსის განხორციელების იდეა იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის ეკუთვნის. მანვე მოუყარა თავი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქართველ ქალბატონებს და აღნიშნული იდეის ქართულ სცენაზე განხორციელება შესთავაზა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრთან ერთად კიდევ სხვადასხვა პროფესიის 15 ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 3 ქალბატონი უცხოელია.
თეა წულუკიანი წაიკითხავს მარი ტრენტინიანის მონოლოგს საფლავიდან – „გიჟური სიყვარული“. მარი ტრენტინიანი ცნობილი ფრანგი მსახიობის – ჟან-ლუი ტრენტინიანის შვილია, რომელიც 2003 წელს მისმა პარტნიორმა, ცნობილმა მომღერალმა ბერტრან ტანტამ სიცოცხლეს გამოასალმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პერფორმანსის ქართულ სცენაზე გადმოტანა დღევანდელ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები