„უშიშროების საბჭოზე უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ“
„უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავა“,- აღნიშნული განცხადება დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ჩიქოვანი უშიშროების საბჭოს სხდომის გარშემო პოლიტიკურ წრეებში გამოთქმულ აზრის სხვადასხვაობასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საკითხი, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების საკითხთან, ყოველგვარ ყურადღებას და ყოველმხრივ შეფასებას ითხოვს.
„უშიშროების საბჭოს მოწვევა გარკვეულ კითხვებს ბადებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობდა მისი თარიღის გამართვასთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაცია უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან. კონსულტაციის პირობებში საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა ამის დაგეგმარება. უშიშროების საბჭოზე აზრთა გაცვლა- გამოცვლა იქნება, საუბარი იქნება იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავს. კონკრეტულ უწყებებს კონკრეტული დავალებები აქვთ მიღებული. საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან და აფხაზეთთან ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებასთან, რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ყოველგვარ ყურადღებას და ყოველმხრივ შეფასებას ითხოვს. რუსეთის პოლიტიკა არცერთ საერთაშორისო ნორმებს არ ექვემდებარება. ასე, რომ ამ თემასთან მიმართებაში დისკუსია და დიალოგი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველა დონეზე და ყველა ფორმით“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.
დეპუტატმა უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. ჩიქოვანის განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ გაემიჯნება და მკვეთრად გამოიყოფა ერთმანეთისგან ის საკითხები, რომლებიც უშიშროების საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს და ისინი, რომლებიც უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციაა.