ტურისტული კომპანია Travel Door-ის წარმომადგენელი: 2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და სტაბილურად მზარდი
“2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და სტაბილურად მზარდი. წლის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორი, რაც ადასტურებს საქართველოს მზარდ მიმზიდველობას გლობალურ, ტურისტულ რუკაზე”, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია თრეველ დოორ-ის წარმომადგენელმა, თამუნა პაპავამ “კვირას” განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის დონეზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაზე და ტურისტებისთვის უსაფრთხო, მიმზიდველი და თანამედროვე იმიჯის შექმნაზე.
“აღნიშნულმა ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კერძო სექტორზე. Travel Door-ისთვის 2025 წელი გამოირჩეოდა მოთხოვნის ზრდით სხვადასხვა ბაზრიდან, პარტნიორული ქსელის გაფართოებით და ახალი, ბაზარზე მორგებული ტურისტული პროდუქტების განვითარებით. აქვე აღვნიშნავ, რომ კერძო სექტორმა აქტიურად უპასუხა გაზრდილ ნაკადს, გააუმჯობესა სერვისის ხარისხი და ხელი შეუწყო სეზონის გახანგრძლივებას, რაც მთლიანობაში აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც სანდო და კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულების.
ქვეყნის დონეზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაზე და ტურისტებისთვის უსაფრთხო, მიმზიდველი და თანამედროვე იმიჯის შექმნაზე.
რაც შეეხება 2026 წელს, ჩვენ ველით ტურისტული ნაკადის კიდევ ზრდას, როგორც ევროპული, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებიდან. კომპანია მზად არის გააგრძელოს ახალი პროდუქტების განვითარება, როგორც სათავგადასავლო, ისე კორპორატიული მიმართულებით, და უზრუნველყოს მაღალი სერვისი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულების”,- განაცხადა პაპავამ “კვირასთან” საუბრისას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.