მიწის კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სპეციალისტები ესწრებოდნენ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტმა მორტენ ჰარტვიგსენმა მიწის კონსოლიდაციის კონსულტანტთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც საქმიანობას სააგენტოს სტრუქტურაში განახორციელებენ.

შეხვედრის მონაწილეებმა კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს.ასევე, განიხილეს საპილოტე სოფლების შერჩევის პროცესი.აღინიშნა, რომ დასრულებულია საქართველოს მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი და მიმდინარეობს განხილვა.

მიწის კონსოლიდაცია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული პროცედურაა, რომლის ფარგლებშიც მიწის მესაკუთრეებსა და მოსარგებლეებთან შეთანხმებით ხორციელდება სოფლად არსებული მიწის ნაკვეთების გადანაწილება ან გაცვლა, რაც მიწის ფრაგმენტაციის შემცირებას ემსახურება. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურაზე წვდომასა და მიწათსარგებლობის დაგეგმვას და, ამავდროულად,ამცირებს ფერმერთა ხარჯებს.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები