შსს: ზუგდიდში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, კედლის ნგრევა ავზის გახეთქვის შემდეგ მოხდა.
“ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. მინდა ვუსამძიმრო მის ოჯახს, გასკდა წყლის ავზი და ამას მოჰყვა კედლის ნგრევა, რომელიც დაეცა ჩვენს თანამშრომელს და იგი გარდაიცვალა”, – განაცხადა გომელაურმა.
გომელაურმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მოხდარი აფეთქებისას დაღუპულია აღნიშნული უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა.