დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ექსპორტის განვითარების ასოციაციას (EDA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ექსპორტის განვითარების ასოციაციას (EDA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ფინანსურმა წარმომადგენელმა მაკა ჟამურაშვილმა მოაწერეს. ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის აღჭურვას განახლებადი ენერგიის, მათ შორის მზის ენერგიის სისტემებით, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და მდგრად ენერგომომარაგებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა გადამზადება მზის ენერგიის სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიმართულებით.
თანამშრომლობა ემსახურება ბუნებრივი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, ვიზიტორთა უსაფრთხოების გაზრდასა და დაცული ტერიტორიის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.