დავით ქართველიშვილი: ახალაიას დაკავებით სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმიანება.
„ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის“, – განაცხადა ექსპერტმა და განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან კანონის უზენაესობის პრინციპის თანმიმდევრულ განხორციელებაზე.
„რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას – სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან.
ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ასევე არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა.
სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც ოპოზიციასთან და არც ექს-ხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა პოლიტიკურ რიტორიკაზე, არამედ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა – ძლიერი სახელმწიფოს პროფესიული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში.
ეს საქმე საბოლოოდ ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ. პირიქით, ვხედავთ ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე.
ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის – არც ახლა და არც მომავალში“, – წერს დავით ქართველიშვილი.