სომხეთის ხელისუფლებამ საეკლესიო ტელევიზიის არხი დახურა
დღევანდელ სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ „სულიერი და კულტურული საზოგადოებრივი ტელევიზიის კომპანიის“ დაშლა და მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. საუბარია ტელეკომპანია „შოღაკატზე“,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “სულიერი და კულტურული საზოგადოებრივი ტელევიზიის კომპანია“ დაარსდა სომხეთის მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მისი აქციების მართვის უფლებამოსილება საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს გადაეცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სულიერი და კულტურული სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტრანსლაცია.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დაშლის საფუძველია 2025 წლის 24 ოქტომბრის კანონი „აუდიოვიზუალური მასმედიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა მიიღო „აუდიოვიზუალური მასმედიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლების რაოდენობის ორამდე შემცირებას და ამავდროულად საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების მოთხოვნის გაუქმებას. ამ ცვლილების დასაბუთებაში იყო მითითებული, რომ ის მიზნად ისახავდა „შოღაკატ ტელევიზიის“ გაუქმებას და საზოგადოებრივი მაუწყებლების სიიდან მის ამოღებას.
ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.