ლევან მახაშვილი – ლილუაშვილზე: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმ გაგებით, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმ გაგებით, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, როცა საქმე კორუფციასთან ბრძოლას ეხება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრემიერის განცხადება გახსოვთ, ასევე ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა კორუფციის წინააღმდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფო შემწყნარებელი ვერ იქნება. კონკრეტული სახელი, გვარი თუ პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, როცა საქმე ეხება ასეთი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმეს ახორციელებენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დღეს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.