ლევან მაჭავარიანი – ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი პოლიტიკის ისტორიაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას გამოეხმაურა.

„მოვისმინეთ ბატონი ჯონსონის განცხადება, ამაზე კომენტარიც გავაკეთე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი პოლიტიკის ისტორიაში. კარგად გვახსოვს 2022 წელს როდესაც ბატონმა ბორის ჯონსონმა პირდაპირ ჩაშალა ის მიღწეული შეთანხმება, რაც 2022 წლის აპრილში იყო მიღწეული რუსეთსა და უკრაინას შორის და ომი სრულდებოდა უკვე დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში. უკრაინა იყო მილიონჯერ უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე დღეს არის. 2023 წელს ბატონი ჯონსონი ატყუებდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომ დრო იყო უკრაინის გაწევრების პროცესი დაწყებულიყო ნატო-ში. გუშინ იყო თუ გუშინწინ მისი განცხადება სადაც პირდაპირ ამხილა თავი და განაცხადა, რომ ესწრებოდა ნატო-ს გაფართოების შესახებ ყველა შეხვედრას და არცერთ შეხვედრაზე დღის წესრიგში არ იდგა უკრაინის ნატოში გაწევრიანება და პირიქით, დაადასტურა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება.

ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე. სულ რომ ბატონ ბორის ჯონსონს ეს ყველაფერი თავისი პირით არ დაედასტურებინა, ვნახეთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები